შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო უბნებთან "აჟიოტაჟს მედია იწვევს".
მისი თქმით, 100 მეტრიანი რადიუსს მიღმა პარტიებს აქვთ ამომრჩევლის მობილიზების უფლება.
"გამოიკვეთა ტენდენცია - მედიის მიერ აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან. ვხედავთ, როგორ დასდევენ მოქალაქეებს უბნებთან, უბნისგან მოცილებით.
იცით, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შემოვიღეთ 100-მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო - 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები თუ მოქალაქეები.
როგორც მოქალაქეებმა, ისე მედიამ უნდა ვცეთ პატივი ამ რადიუსს. 100 მეტრის იქით ყველას აქვს, მათ შორის, ამომრჩევლის მობილიზების უფლება". - თქვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, მედიის მხრიდან საარჩევნო უბნებთან მყოფი ადამიანებისთვის კითხვების დასმა შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის წინააღმდეგ.
ამ დროისთვის საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები არიან მმართველი პარტიის ე.წ კოორდინატორები, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები აქვთ.
ასევე, დროას წევრის, შუშანა მაცაბერიძის თქმით, გლდანის ერთ-ერთ უბანთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ შეკრებილები და ხმის მიცემის პროცესს ასე აკონტროლებდნენ.
მარნეულში ერთმა ადამიანმა ხმა 2-ჯერ მისცა.
რამდენჯერმე დაირღვა წილისყრის პროცესი, ასევე, დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება.
ზოგ შემთხვევაში რეგისტრატორი ბიულეტინებზე ხელს არ აწერს, რის გამოც ეს ბიულეტინები ბათილდება.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.